კლოუნის თვალთახედვა – ჰაინრიხ ბიოლი

 

If our era deserves a name, it would have to be called the era of prostitution

 

ჰაინრიხ ბიოლი ” კლოუნის თვალთახედვით” გავიცანი. წაკითხვის პროცესში, ისევე როგორც მის შემდეგ აღფრთოვანების დამალვა შეუძლებელი აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი საზოგადოებრივი პარადოქსების აღწერა მან მშვენივრად მოახერხა ერთი კლოუნის დახმარებით, რომელიც ნაწარმოების მთავარი გმირია – ჰანს შნირი.  წიგნი აღწერს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გერმანიის სოციალურ–პოლიტიკურ–რელიგიურ სიტუაციას, რომელსაც ჟანგისფერ სართულზე მცხოვრები კლოუნის ბედნიერება ეწირება. საინტერესოა ის, თუ როგორ აკრიტიკებს გერმანულ ფაშიზმს, ხელმომჭირნეობასა და უაზრო პრინციპულობას თავად გერმანელი ჰანს შნირი..

პირველი მსოფლიო ომის ტრაგედიის გაგრძელება მეორე მსოფლიო ომმა შეძლო. ფაშისტური გერმანია ებრძოდა სსრკს, საფრანგეთს, ინგლისსა თუ ამერიკას, მაგრამ ამას გარდა ქვეყნის შიგნით ებრაელებს გამოუცხადა ომი. ანტისემიტური განწყობა მთელ ქვეყანას მოედო, არც შნირების ოჯახი იყო გამონაკლისი. მდიდარი, მაგრამ უზომოდ ხელმომჭირნე ჰანსის დედამ, რომელიც შვილებს უფლებას არ აძლევდა კარგად დანაყრებულიყვნენ, ვერ / არ იმეტებდა მათთვის შესაძლებელს და ამის გამო მათ მუდამ დაუკმაყოფილებლებს ტოვებდა, შეძლო და ” წმინდა მიწის ” დასაცავად თავისი 17 წლის ქალიშვილი გაუშვა, რომელიც აღარც დაბრუნებულა.. ამ ტრაგედიამ ძალიან დიდი ტკივილი მიაყენა ჰანს, რომელსაც ბავშვობიდანვე ჰქონდა განსხვავებული დამოკიდებულება ცხოვრების მიმართ (  ხელოვანის სული, რაც აიძულებდა მგრძნობელობის სენსორები ბევრად უფრო ძლიერი ჰქონოდა ). ის განიცდიდა ყოველივე ადამიანურს და ვერ იტანდა მის პერიოდში გაბატონებულ პრინციპებსა და დოგმებს.

ჩემი ნება რომ იყოს წიგნს შემდეგნაირად დავასათაურებდი – პარადოქსია, მაგრამ ფაქტია.. დიახ, ამ ნაწარმოებში მოთხრობილია თუ როგორ გახდა ჰანსის ანტისემიტი დედა რასობრივ წინააღმდეგობათა მომრიგებელი საზოგადოების თავმჯდომარე, ჰერბერტ ქალიკი კი ჯვრის ორდენით დააჯილდოვეს “ახალგაზრდებს შორის დემოკრატიული იდეების გავრცელებისათვის”. ეს ის ჰერბერტია, რომელსაც ჰანსის დედამ დაუთმო მათი ოჯახის პარკი, სადაც ყველას უნდა შეესწავლა ტანკსაწინააღმდეგო რეაქტიული ხელყუმბარების ხმარება. როცა გეორგს ამ ვარჯიშების დროს შემთხვევით ხელში გაუსკდა ყუმბარა ჰერბერთ ქალიკმა ეს უბედური შემთხვევა ლაკონურად განმარტა : ” – საბედნიეროდ, გეორგი ობოლი იყო”.

როცა საერო ცხოვრებაში ნაცისტების სისხლიანი იდეებისა და სულისკვეთების ადამიანები დემოკრატიის დარაჯები ხდებიან, რის სიყალბესაც ჰანს შნირი ხვდება, ხნის ერთადერთი გზა სასულიერო ცხოვრებასა და სიყვარულშია. მაგრამ მელანქოლიით შემპყრობილ კლოუნს არც აქ უმართლებს – რელიგია მას მარის ართმევს. შნირის სიყვარული მარის მიმართ ძალიან სათუთია – მას ხიბლავს ყოველი დეტალი, რასაც მარი აკეთებს. მისი სიყვარული არ ემყარება არც რელიგიურ და არც საერო დოგმებს, პრინციპებსა თუ წესებს – მისი სიყვარული წმინდაა. მაგრამ აქ ხელიშემშლელ ფაქტორად კათოლიკური ეკლესია გვევლინება.  პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ რელიგია რომელიც სიტყვა სიტყვით “საყოველთაოს” ნიშნავს ერთი ჩაკეტილი სოციალური ორგანიზაციაა, რომელიც ვერ ხედავს ადამიანების ნამდვილ გრძნობებს, აუფასურებს სიყვარულს და ამ ყველაფერს ბოლოს ნაკურთხ წყალს ასხამს. მარი კათოლიკეა – ამ მრწამსით აღზრდილი, ხოლო შნირი, როგორც თავად ამბობს, არც ერთ რელიგიას არ უხდის ხარკს, ამიტომაც მისთვის მიუღებელია დაწეროს ოფიციალური განცხადება, რომ ბავშვებს კათოლიკური წესით აღზდრის. მარისადმი სიყვარული მას აიძულებს უარი თქვას თავის პრინციპებზე – მოინათლოს კათოლიკედ და დაიწეროს ჯვარი, მაგრამ დოკუმენტი, რომელიც მას მოსთხოვს რომ შვილები კათოლიკეებად აღზარდოს მისთვის ამაზრზენი ფარატინა ფურცელია, რომელიც ამ რელიგიის, როგორც სოციალური ორგანიზაციის მანკიერი მხარეების ერთი სრული დემონსტრაციაა.  ბიოლი აქცენტს აკეთებს სწორედ კათოლიკურ ეკლესიაზე, რომელიც არ ცნობს ქორწინებას კათოლიკესა და პროტესტანტს შორის, რითიც ახერხებს ჯგუფებად დაჰყოს გერმანული საზოგადოება. მართალია, მდიდარი გერმანელი ოჯახები, ისეთი როგორიც შნირების ოჯახია პროტესტანტები არიან, მაგრამ სწორედ კათოლიკეებს უპრიათ ხელთ გავლენათა ბერკეტები პოლიტიკისა და საზოგადოების მორალის ფორმირების სფეროებში.

ნაწარმოებში კონფლიქტთა ქარცეცხლია. მათგან უმნიშვნელოვანესია დაპირისპირება პიროვნებასა და საზოგადოებას შორის. ჰანს შნირი ხვდება რა ომის შემდგომი საზოგადოებიის ყალბ დოგმებს,  მოქრთამულ, ცრუ მორალზე აგებულ ეკლესიას, ადამიანთა გულგრილობასა და მოჩვენებით სიდიადეს ეწინააღმდეგება მათ. ის ეწინააღმდეგება და ებრძვის საკუთარ თავსაც – სარკეში ყურების დროს ვერც ცნობს თავის თავს, მისთვის ის უცხოა… ერთადერთი “საიდენტიფიკაციო მარკერი” მისთვის მარი იყო, რომელსაც კათოლიკური ეკლესიის დამქაშებმა უკანონო ქორწინებაში ცხოვრება მომაკვდინებელ ცოდვად ჩაუთვალეს, თავი ეკლესიისა და ღვთის მოღალატედ აგრძნობინეს და შთააგონეს ციუპნერს გაჰყოლოდა ცოლად…  ჩემს წარმოდგენაში ციუპნერი არასოდეს უყვირებდა მარის. არც ჰანს შნირი ეტყოდა მარის რამეს უხეშად. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ ციუპნერს ამის ნებას კათოლიკური ეკლესიისადმი პატივისცემა და ათასი ” ბლა ბლა ბლა” აიძულებდა, შნირს კი სიყვარული..

პ.ს. ერთადერთი იმედი ამ ნაწარმოებში ისაა, რომ მხოლოდ ჰანს შნირი არ ცხოვრობს ჟანგისფერ სართულზე…

Advertisements

About taaamriii

https://www.facebook.com/tamri.berulava mail : berulava_tako@yahoo.com
This entry was posted in ლიტერატურა. Bookmark the permalink.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  Change )

w

Connecting to %s